Friday 7 December 2012

სხვადასხვა




                             ქუჩის ბოლოს

04MAR
რუხ ოთახში სძინავს მთვარეს,
როიალზე უკრავს ვიღაც,
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
აგინებს და ლანძღავს დილას.
თეთრ ოთახში მომაკვდავი
გულ-ამოსკვნით ითხოვს შველას,
ცრემლმორევით მდგარი ბავშვი
თვალს არიდებს დედის მზერას.
რომ თენდება ვიღაც კვდება.
ანდა ვიღაც ღრუბლებიდან
ფრთა-მომტყდარი დედამიწას
ენარცხება.
ქუჩის ბოლოს მთვრალი კაცი
ნაფაზ-ნაფაზ ამღვრევს სევდას…






დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან…




დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა,
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.




 

No comments:

Post a Comment